აკაკი (შურიკა) ბაბუნაშვილი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით "შავი პრინცი" ან "პრინცი P" (დ. 4 ივლისი, 1971 — გ. 4 თებერვალი, 2019) — ქართველი რეპერი.
აკაკი დაიბადა ქუთაისში 1971 წლის 4 ივლისს, დაამთავრა მეორე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა.
1993 წელს საკუთარი კოლექტივი „ძებნილები“ ჩამოაყალიბა, ჯგუფში რეპერები: ფრედო, სმოკი, მასტი და დიჯეი ჯადო გაერთიანდნენ. 1995 წელს მათ რიგებს მეგოტი დაემატა. 1995-96 წლებში შავმა პრინცმა ძებნილებთან ერთად სადებიუტო ალბომი მოამზადა, რომელიც 1999 წელს სახელწოდებით „იძებნება“ გამოუშვა.
2000 წლიდან ძებნილებთან თანამშრომლობა დაიწყო რეპერმა ჯერონიმომ, და მალევე მოამზადეს ერთობლივი ალბომი, რომელიც მხოლოდ 2004 წელს გამოვიდა. ალბომის სხვადასხვა კომპოზიციებს შორის იყო „ჩემი ძმები“, რომელიც ნამდვილი მეგაჰიტი გახდა ქართველ ახალგაზრდებში და ჰიპ-ჰოპის მიმართ სრულიად სხვა მიდგომა წარმოშვა.
2003 წელს შავი პრინცი ჯგუფს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო. 2003 და 2004 წელს შავმა პრინცმა ზედიზედ ორი ალბომი გამოუშვა: „ორი რეპერი“ და „სიზმარში“, ორივე თბილისელ რეპერ ჯოკერთან ერთად, მალევე კი სოლო ალბომი „ბანდიტო“ გამოსცა. ეს იყო რეპერის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, გარდა აუდიო ვერსიებისა, გადაიღო ვიდეოკლიპები ათამდე სიმღერაზე, რომლებიც მუსიკალური ტელეარხების ეთერში რეგულარულად ტრიალებდა.
Ещё видео!